კალისტემონი მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარე

კალისტემონი (Callistemon) - არის ბუჩქი ან მცირე ზომის ხე, მიეკუთვნება მირტისებრთა ოჯახს (Myrtaceae), მისი სამშობლოა ავსტრალია. პოპულარულია თავისი უჩვეულო ყვავილის ფორმით.
კალისტემონი მარადმწვანე მცენარეა, გრძელი მტვრიანების მქონე ყვავილედები ბოთლების სახეხ ჯაგრისს მოგვაგონებს. ყვავილედები სიგრძით 12 სანტიმეტრამდეა, ცილინდრული ფორმის, წარმოიქმნება ტოტების დაბოლოებაზე, ყვავილობის შემდეგ ყალიბდება გახევებული, მცირე ზომის ბურთისებური ნაყოფი.
ბუნებაში კალისტემონის ყვავილებს ფრინველები ამტვერიანებენ, რომლებიც ტკბილი ნექტრისთვის სტუმრობენ მცენარეს.კალისტემონი მრავლდება თესლით და კალმით, თესლიდან გაზრდილი მცენარე გვიან ყვავილობს, ამიტომ ახალი მცენარე უფრო სწრაფად შეიძლება მივიღოთ კალმიდან.
კალისტემონს ხშირად შევხვდებით ბათუმში მდებარე სხვადასხვა ქუჩებსა თუ სკვერებში.